ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უპრეცედენტო ზრდა შეიმჩნევა

ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უპრეცედენტო ზრდა შეიმჩნევა

საქართველოს პრემიერ-მინიტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს წვლილი შეაქვს ეკონომიკურ ზრდაში, მსოფლიო ბაზრებსა და მიწოდების გლობალურ ქსელებში ინტეგრაციაში და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ქართულ ბიზნესს, ისე ჩვენს ქვეყანაში მომუშავე უცხოელ მეწარმეებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის ფორუმის ფარგლებში, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის ასევე მისცემს საქართველოს ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაციის საშუალებას. "გარდა ამისა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს, როგორც ინვესტირებისთვის ხელსაყრელი ადგილის, მიმზიდველობას - დღეს ქართულ პროდუქციასა და მომსახურებას ხელი მიუწვდება 900-მილიონიან ბაზარზე.

საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებულ განხორციელებას, რათა მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი ამ ყოვლისმომცველი ხელშეკრულებიდან. რეფორმები მიმდინარეობს ვაჭრობასთან დაკავშირებულ ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საკვები პროდუქტების უსაფრთხოება, ვაჭრობის ტექნიკური დაბრკოლებები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, საბაჟო, საჯარო შესყიდვები და სხვ. ღრმა და ყოვლისცმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილობრივმა განხორციელებამ უკვე მოიტანა დადებითი შედეგები: 2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 21 პროცენტით გაიზარდა. პოტენციალი კი ბევრად უფრო დიდია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, იზრდება საქართველოს, როგორც რეგიონალური ბიზნესცენტრის მნიშვნელობაც. "ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენს რეგიონალურ პარტნიორებთან ურთიერთოებების განსამტკიცებლად. ჩვენი მიზანია, გამოვიყენოთ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის და აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის როლი ვაჭრობაში ევრაზიის კონტინენტზე. ჩინეთის თაოსნობით მიმდინარე ახალი აბრეშუმის გზის პროექტის მიზანია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სწორედ ამ ხიდის აღდგენა, და საქართველო მხარს უჭერს ამ ხედვას და წვლილი შეაქვს მის ხორცშესხმაში. წელს ოქტომბერში თბილისი უმასპინძლებს აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელსაც, იმედია, ბევრი თქვენგანი დაესწრება. როგორც იცით, მარტში გაფორმდა ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის განვითარებასთან დაკავშირებული თანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოსა და ჩინეთს შორის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გარდა ევროკავშირისა, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებსა და თურქეთთან, რაც კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონალური ცენტრის, პოზიციას.

"ჩვენ ასევე დავიწყეთ მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და ასევე ვცდილობთ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღებას სხვა ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ჩათვლით. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, კანადა, შვეიცარია, ნორვეგია და იაპონია.

ჩვენი მთავრობა იყენებს პრაგმატულ და რაციონალურ მიდგომას რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის შესამსუბუქებლად. ჩვენ წარმატებით უზრუნველვყავით რუსეთის ბაზრის ხელახლა გახსნას ქართული პროდუცქციისთვის, რაც მნიშვნელოვან სარგებელს სთავაზობს ქართველ ფერმერებსა და ბიზნესებს.

აღსანიშნავია ასევე ჩვენი კარგი საინვესტიციო შესაძლებლობები. მართლაც, დღეს შეიმჩნევა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უპრეცედენტო ზრდა. 2014 წლის წინასწარი მონაცემებით, ასეთი ინვესტიციების ოდენობამ მიაღწია 1,3 მილიარდ დოლარს. ეს კი არა მხოლოდ 35 პროცენტით აღემატება 2013 წლის მონაცემებს, არამედ რეკორდული მაჩვენებელია ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა გაიზარდა 64 პროცენტით და გადააჭარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური ოდენობის ნახევარს. ასოცირების ხელშეკრულების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) შედეგად კი, ჩვენ მოველით ამ მონაცემების კიდევ უფრო მნიშვნელოვან ზრდას, რაც მოგვცემს საშუალებას, გავზარდოთ საქართველოს განვითარების პოტენციალის გამოყენება", -განაცხადა ღარიბაშვილმა.