წლების განმვალობაში განცდილ ტრანსფორმაციას ბევრი საერთაშორისო რეიტინგი მოწმობს

წლების განმვალობაში განცდილ ტრანსფორმაციას ბევრი საერთაშორისო რეიტინგი მოწმობს

საქართველო დღეს სრულიად განსხვავებული ქვეყნააა, ვიდრე იყო 20 და თუნდაც 2 წლის წინ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საინვესტიციო მიმოხილვის სესიაზე განაცხადა, რომელიც პარლამენტის შენობაში, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში იმართება.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, წლების განმვალობაში განცდილ ტრანსფორმაციას ბევრი საერთაშორისო რეიტინგი მოწმობს.

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ეკონომიკის განვითარების სფეროში. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას, რომელმაც უკვე შეიტანა დიდი წვლილი ჩვენს განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს.

დღეს საქართველო სრულიად განსხვავებული ქვეყნააა, ვიდრე 20 წლის წინ და თუნდაც 2 წლის წინ. ქვეყანაში მიღწეულია უზარმაზარი წინსვლა ყველა სფეროში - ჯანდაცვითა და განათლებით დაწყებული, პოლიტიკური სტაბილურობით, ეროვნული უსაფრთხოებითა და ეკონომიკური განვითარებით დამთავრებული. წლების განმვალობაში ამ ტრანსფორმაციას მოწმობს ბევრი საერთაშორისო რეიტინგი და დღეს საქართველო არის ლიდერი და მისაბაძი რეგიონში დემოკრატიის განმტკიცების, კორუფციასთან ბრძოლისა და სტაბილური, ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის კუთხით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროპულ არჩევანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განვითარების გზაზე ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი სწორედ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებია.

"ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირსა და ნატოს, განუყოფელია ჩვენი ერთგულებისაგან ეკონომიკური და დემოკრატიული ტრანსფორმაციისადმი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი და მნიშვნელოვანი წვლილი ამ საქმეში.

შარშან საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით). ეს ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 1 სექტემბერს, არის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ევროპულ გზაზე. ჩვენ, ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად, დავიწყეთ ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელება და ამ პროცესის დაჩქარება ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა.

ასოცირების ხელშეკრულება ქმნის საფუძველს, რომლის წყალობითაც საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში შეუქცევადი ხდება. ის ასევე გვთავაზობს მექანიზმებს, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის სრულფასოვან ევროპულ სახელმწიფოდ გარდასაქმნელად", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.