ბოლო 20 წლის განმავლობაში განსხავებულების გაქრობამ ქვეყანას წინსვლა ვერ მოუტანა

ბოლო 20 წლის განმავლობაში განსხავებულების გაქრობამ ქვეყანას წინსვლა ვერ მოუტანა

ქართული პოლიტიკური ცხოვრება იმ შეჭმარიტებამდე უნდა მივიდეს, რომ არსებობს ორი, სამი, ოთხი, ხუთი შეხედულება და ჭეშმარიტება არა ხუთიდან ოთხის გაქრობაში, არამედ დიალოგის სივრცის შენარჩუნებაში მდგომარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზედენტის თქმით, ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განსხავებულების გაქრობამ ქვეყანას წინსვლა ვერ მოუტანა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, მით უფრო პოლიტიკაში და შეჭმარიტების მიღწევა მხოლოდ დისკუსიითა და განხილვით არის შესაძლებელი.

"წინ უფრო დიდი გამოწვევაა, რათა ავაშენოთ რეალურად ევროპული, დემოკრატიული საზოგადოება, სადაც პლურალიზმი და განსხვავებულის მიღება არა ინდივიდუალურ, არამედ პოლიტიკურ დონეზე, განსხვავებულთან ერთად არსებობა, განსხვავებულთან ერთად ერთიანი პოლიტიკური სისტემის შენარჩუნება და განვითარება იქნება შესაძლებელი. თუ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას ამ თვალსაზრისით შევხედავთ, დავინახავთ, რომ სამწუხაროდ, ასეთი აქტიური არ არის. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ჩვენი პრობლემების პასუხი და რეალურად ქვეყნის განვითარება განსხვავებულის – პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულების მქონეს, ან გარკვეულ ღირებულებებში განსხვავებული მქონე ჯგუფის გაქრობაშია და ამ შემთხვევაში გავალთ ფონს", - აცხადებს პრეზიდენტი.

პრეზიდენტის ილიას უნივერსიტეტში მისვლა ილიას უნივერსიტეტის სოციალური კვლევებისა და კულტურის ინსტიტუტის ფარგლებში მოქმედ პროექტს უკავშირდება, რომელიც საუკეთესო ევროპული უნივერსიტეტებიდან ევროპელი მკვლევარების, პროფესორების ჩამოყვანას და მათ მიერ რეგულარული ლექცია-სემინარების ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ პრეზიდენტისა და სტუდენტების შეხვედრისას აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, ასევე, ხორციელდება მთარგმნელობითი საქმიანობა, ტარდება საჯარო შეხვედრების სერია საბჭოთა მემკვიდრეობის თემაზე. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ილიას უნივერსიტეტმა შეიძინა ლიტერატურა ჰუმანიტარულ-სოციალური მეცნიერებებში.