საზოგადოება შეთანხმებულია, რომ ხელისუფლებები იქმნება და იცვლება არჩევნების დროს

საზოგადოება შეთანხმებულია, რომ ხელისუფლებები იქმნება და იცვლება არჩევნების დროს

ქართული საზოგადოება შეთანხმებულია, რომ ხელისუფლებები იქმნება და იცვლება არჩევნების დროს, - ამის შესახებ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

"მოხდა დემოკრატიული არჩევნების უმნიშვნელოვანესი პრეცედენტის შექმნა. ქართული საზოგადოება დღეს შეთანხმებულია, რომ ხელისუფლებები იქმნება, იცვლება და ყალიბდება ადამიანების მიერ გამოხატული ნების საფუძველაზე - არჩევნების დროს. ეს დემოკრატიული საზოგადოების არსებობის ფუნდამენტია. დღეს ეს რწმენა არის, რადგან ამას ყველამ ერთად მივაღწიეთ და ამ თვალსაზრისით დემოკრატია შევქმენით", - მიმართა სტუდენტებს გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ილიას უნივერსიტეტში მისვლა ილიას უნივერსიტეტის სოციალური კვლევებისა და კულტურის ინსტიტუტის ფარგლებში მოქმედ პროექტს უკავშირდება, რომელიც საუკეთესო ევროპული უნივერსიტეტებიდან ევროპელი მკვლევარებისა და პროფესორების ჩამოყვანას და მათ მიერ რეგულარული ლექციების და სემინარების ჩატარებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ პრეზიდენტისა და სტუდენტების შეხვედრისას აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, ასევე, ხორციელდება მთარგმნელობითი საქმიანობა, ტარდება საჯარო შეხვედრების სერია საბჭოთა მემკვიდრეობის თემაზე. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ილიას უნივერსიტეტმა შეიძინა ლიტერატურა ჰუმანიტარულ-სოციალური მეცნიერებებში.