აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოების კუთხით დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოების კუთხით დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს

ვიცე პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოების კუთხით დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა, ფორუმის გაფართოება სავაჭრო და ეკონომიკური საკითხების მიმართულებით იგეგმება.

"ტექნიკური დეტალების დადგენა მიმდინარეობს. რუსეთ-საქართველოს შორის ისედაც გვაქვს დიალოგი სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე, ალბათ ამ მიმართულებით იქნება დიალოგის გაფართოების საშუალება. ბატონ ზურაბ აბაშიძესთან მქონდა საუბარი, თუმცა დეტალები ჯერ უცნობია. ეს დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი მომავალ დღეებში გახდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. ამასთან, საუბარია აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოებაზეც.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ფორმატში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განხილვა მიმდინარეობს, ლოგიკურია შეხვედრებს ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტი ესწრებოდეს.