მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის რეგიონისთვის ამერიკის დახმარებების კოორდინატორს ალინა რომანოვსკის შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს, ასევე, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებას და საერთაშორისო დახმარების მობილიზებას აღნიშნული პროპრიტეტების მხარდასაჭერად.
"ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარების კოორდინატორთან საუბარი შეეხო იმ პროგრამებზე, რომელსაც ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში, რეგიონში. ჩვენ შევეცადეთ, რომ გვესაუბრა იმ დახმარებებზე, რომელსაც ასევე, გამოყოფს ევროკავშირი, რათა არ მოხდეს გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით ამ დახმარებების ერთმანეთზე გადადება. შესაბამისად, გამოვყავით ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელში მონაწილეობაც მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. ეს შეეხება ინფრასტრუქტურის პროექტებს, ინვესტიციებს, მცირე, საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში", -განაცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან.