EBRD-ს თავისი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების, სამუშაო ადგილების შექმნისა და გრძელვადიანი განვითარების საქმეში , - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის გახსნაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
"ჩვენი ქვეყნის განვითარების ასეთ საპასუხისმგებლო ეტაპზე ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ისეთ სანდო და ძლიერ პარტნიორთან თანამშრომლობა, როგორიცა გახლავთ EBRD. ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის თითქმის 25-წლიანი პერიოდის განმავლობაში, ბანკი განუხრელად ედგა გვერდში ჩვენს ქვეყანას და ეხმარებოდა კონკრეტული მიზნების განხორციელებაში და ამა თუ იმ რთული ვითარებიდან გამოსვლაში, ამისთვის მე მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ. ბანკს თავისი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების, სამუშაო ადგილების შექმნისა და გრძელვადიანი განვითარების საქმეში. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოსთვის ბანკის დაფინანსება 2 მილიარდ 600 მილიონი ევროა 170-ზე მეტი პროექტის ფარგლებში, საიდანაც დაფინანსების 83% კერძო სექტორზე მოდის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან რამდენიმე მსხვილი პროექტი ჩამოთვალა, რომელიც EBRD-ის თანადაფინანსებით განხორციელდა, კერძოდ, შუახევის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი, ,,ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიას" პროექტი, ჯვარი-ხორგის გადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტი და სხვა. მისივე თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ჰესების პროექტების მონაწილეობის ინტერესი გამოთქვა, რითაც ქართული მხარეც დაინტერესებულია.
განხორციელებული პროექტებიდან პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ნოვატორული პროექტს, რომელიც გულისხმობს ბანკის მიერ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, რამაც სტიმული მისცა სხვა საფინანსო ინსტიტუტებს.
"მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა, რომ ბანკის წლიური შეხვედრის ადგილად საქართველო შეარჩიეთ. მინდა აგრეთვე მადლობა მოგახსენოთ თქვენი ძალისხმევისა და იმ საქმიანობისათვის, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და მთლიანად ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის ეწევით. დარწმუნებული ვარ, რომ ბანკის და საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მე ასევე იმედის თვალით შევყურებ თბილისში, ბანკის ახალი 5-წლიანი სამოქმედო სტრატეგიული დოკუმენტის ხელმოწერას, რომელიც იქნება ჩვენი ურთიერთობებისა და ევროპული განვითარების და სტაბილურობის მამოძრავებელი ძალა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.