ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის და ძირითადი საგარეო პრიორიტეტული მიმართულების პატივისცემის გათვალისწინებით, ქართული მხარე მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის. ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ძალიან ძნელია, მხოლოდ მის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება.
"ზოგადად, პოზიცია არის ერთმნიშვნელოვანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გათვალისწინებით, ასევე ჩვენი ძირითადი საგარეო პრიორიტეტული მიმართულებების პატივისცემის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის", - განაცხადა ბაქრაძემ.
რაც შეეხება კარასინის განცხადების იმ ნაწილს, რომ მაღალი დონის შეხვედრებისთვის აუცილებელი ნიადაგის შესაბამისად მოსამზადებელ სამუშაოებზე ის და აბაშიძე მუშაობენ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობის დავალებით, ბაქრაძემ განაცხადა, როგორც მან იცის, პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული დავალება არ არსებობს.
მაღალ და უმაღლეს დონეზე კონტაქტების პერსპექტივა რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობას შორის ნარჩუნდება, - ამის შესახებ "რია ნოვოსტის" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.
"პერსპექტივა ყოველთვის არის, მაგრამ იმისთვის, რომ პერსპექტივა რეალობად იქცეს, მუშაობაა საჭირო. კვლავაც მივიჩნევთ, რომ მაღალი და მით უმეტეს, უმაღლესი დონის კონტაქტები კეთილსინდისიერად უნდა მომზადდეს, რადგან მოუმზადებელ კონტაქტებს ყოველთვის არ მოაქვს ღირებული შედეგები. ჩემი აზრით, ჩვენი ქართველი პარტნიორები ამას კარგად ხვდებიან. სწორედ, მაღალი დონის შეხვედრებისთვის აუცილებელი ნიადაგის შესაბამისად მოსამზადებლად ვმუშაობთ მე და აბაშიძე ორივე ქვეყნის ხელმძღვანელების დავალებით", - აღნიშნა კარასინმა.