WASHINGTON POST:   ბაქოში აშშ-ის კონგრესის წევრების ვიზიტი

WASHINGTON POST: ბაქოში აშშ-ის კონგრესის წევრების ვიზიტი "სოკარმა" საიდუმლოდ დააფინანსა

აზერბაიჯანის ნავთობკომპანია "სოკარმა" აშშ-ის კონგრესის წევრების ბაქოში ვიზიტი საიდუმლოდ დააფინანსა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა WASHINGTON POST-მა გამოაქვეყნა.

გამოცემის ცნობით, მათ ხელში ჩაუვარდათ საიდუმლო ანგარიში, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2013 წელს აშშ-ის კონგრესის ათი წევრისა და 32 თანამშრომლის აზერბაიჯანში ვიზიტი სრულად "სოკარმა" დააფინანსა. ამერიკელი მაღალჩინოსნები ვიზიტის ფაგლებში ბაქოში კონფერენციას დაესწრნენ, რომელზეც სიტყვით პრეზიდენტ ობამას სამი წამყვანი მრჩეველი გამოდიოდა.

გავრცელებული ცნობით, აზერბაიჯანულმა კომპანიამ კონგრესმენებისა და მათი თანამშრომლების მგზავრობის ხარჯები დააფინანსა, რაც ასობით ათასი დოლარი დაჯდა. ასევე, სტუმრები აბრეშუმის ყელსახვევებით, ბროლის ჩაის სერვიზითა და აზერბაიჯანული ხალიჩებით დაასაჩუქრეს, რაც 2 500-დან 10 000 დოლარამდე დაჯდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება კონკრესის ეთიკის სამსახურმა ჩაატარა, რომელიც დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს წარმოადგენს წარმომადგენელთა პალატაში. გამომძიებელთა თქმით, მსგავსი სახის დაფინანსება კონგრესის წესებსა და აშშ-ის ფედერალურ კანონს ეწინააღმდეგება, ვინაიდან იგი აღიქმება როგორც უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის მცდელობა.

თავად კომპანია "სოკარში" აცხადებენ, რომ მათ რამდენიმე წლის წინ ბაქოში გამართულ კონფერენციას ფინანსურ მხარდაჭერა მართლაც აღმოუჩინეს, თუმცა, ეს მათ ფარულად არ გაუკეთებიათ. კონფერენცია სახელწოდებით - "აშშ-აზერბაიჯანის კონვენცია: მომავლის ხედვა" 2013 წლის 28-29 მაისს გაიმართა. ამერიკელი გამომძიებლებმა ჯერ ვერ მოიპოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, მიიღო თუ არა "სოკარმა" ამერიკელი მაღალჩინოსნებისგან სანაცვლოდ რაიმე სახის სარგებელი.