პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე მომავალში საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
თუმცა იგი აცხადებს, რომ ამ დრომდე გამართულ არც ერთ კონსულტაციაზე ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. აბაშიძის თქმით, ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მაღალი დონის შეხვედრების მომზადება ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.
„ის, რომ ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა ადრე თუ გვიან უნდა შედგეს, ამის შესახებ ადრე კომენტარები როგორც მოსკოვში, ასევე თბილისში გაკეთდა. ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ თუკი ასეთი შეხვედრა მომზადდება, ის აუცილებლად რეალურ შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენ მხედველობაში გვაქვს აფხაზეთის კონფლიქტი, ცხინვალის რეგიონი და ის, რომ რაღაც კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თუკი ეს მოხდება ეს აუცილებლად სასიკეთო უნდა იყოს ქვეყნისთვის და მხოლოდ ასე ექნება მას აზრი. მაგრამ ჯერ რაღაც პრაქტიკული მუშაობა ან რაღაც ნაბიჯი ასეთი შეხვედრების მოსამზადებლად არ გადადგმულა არც პრაღაში, არც ჟენევაში. ჯერ მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოვიფარგლებით“, - განაცხადა აბაშიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის უმაღლეს ლიდერებს შორის მაღალ დონეზე კონტაქტის პერსპექტივა შენარჩუნებულია.
„პერსპექტივა ყოველთვის არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ პერსპექტივა რეალობად იქცეს, მუშაობაა საჭირო. ჩვენ კვლავაც მივიჩნევთ, რომ მაღალი და მით უმეტეს, უმაღლესი დონის კონტაქტები კეთილსინდისიერად უნდა მომზადდეს, რადგან მოუმზადებელ კონტაქტებს ყოველთვის არ მოაქვს ღირებული შედეგები. ჩემი აზრით, ჩვენს ქართველ პარტნიორებს ეს კარგად ესმით. სწორედ უფრო მაღალი დონის კონტაქტებისთვის შესაბამისი ნიადაგის მოსამზადებლად ვმუშაობთ მე და ზურაბ აბაშიძე ორივე ქვეყნის ხელმძღვანელების სახელით“, - განაცხადა კარასინმა.
ცნობისთვის, გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე მორიგ შეხვედრას პრაღაში ივნისის შუა რიცხვებში გეგმავენ.