აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამუდმებით ირღვევა. "ბი-ბი-სის" ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრამდე განაცხადა.
"თებერვალში მინსკის შეთანხმების გაფორმების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ ვერ მივაღწიეთ იმ დონეს, რისთვისაც უნდა მიგვეღწია. ცეცხლის შეწყვეტა სრულიად არ მომხდარა", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
თავის მხრივ პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ კიევის მიზანს 13 პუნქტიანი მინსკის შეთანხმების შესრულება და კონფლიქტის ზონიდან მძიმე არტილერიის გაყვანა წარმოადგენს. "ჩვენ მკაფიო პროგრესს მივაღწიეთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველყოფის მხრივ", - აღნიშნა პოროშენკომ.
უკრაინის პირველი პირი ბერლინში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩავიდა.