მთის ემოცია არის პატრიარქში, თან სიყვარული და თან სიმტკიცე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე", გადაცემა "ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" განაცხადა.
"ჩემი ისტორია პატრიარქთან დაკავშირებით იწყება საინტერესოდ. საერთოდ, სიტყვა პატრიარქი, ის, რომ ეკლესიაში არსებობენ იერარქიები, გავიგე საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან მიმართებაში. პატარა ვიყავი, როდესაც დედა მომიყვა, რომ საქართველოს ჰყავს ახალი პატრიარქი. 5 თუ 6 წლის ასაკაში პირველად გავიგე, რომ არსებობს პატრიარქი, იერარქია ეკლესიაში. ჩემთვის, ბუნებრივია, მაშინ ეკლესია იყო ასოცირებული იმასთან, რაც სახლში ხდებოდა – დიდედაჩემი ლოცულობდა. ეკლესიას არ ვიცნობდი და უცებ გავიგე, რომ ეკლესიაში არსებობს იერარქია, რომ ეკლესიას ჰყავს თავი და რომ ასეთი განსაკუთრებული ადამიანი მოვიდა ახლა ეკლესიის სათავეში. მაშინ გავიგე ილია მეორის შესახებ.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პატრიარქთან პირველი შეხვედრაც გაიხსენა.
"პირველი შეხვედრა შედგა მაშინ, როდესაც ახალგაზრდები, რომლებიც კომკავშირს ვებრძოდით, ლოგიკურად მოვხვდით პატრიარქთან. პატრიარქთან შეხება იყო უაღრესად საინტერესო და ამაღელვებელი. ალბათ თითოეული ჩვენთაგანის ბიოგრაფიაზე იმოქმედა ამ შეხვედრამ. უცნაური იყო, მაშინ გვესაუბრებოდა პატრიარქი იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკური აქტიურობა უნდა იყოს მიმართული უმწეოთა დახმარებისკენ, სიყვარულისკენ, კეთილი საქმის კეთებისკენ. უკვე ოპოზიციაში რომ ვიყავი, 2011 თუ 2012 წელს, ერთგვარად განმეორდა ეს რიტორიკა. პატრიარქმა მითხრა, ძალიან მომწონს შენი გამოსვლები, მაგრამ ძალიან გთხოვ, შეურაცხყოფა არ მიაყენო ოპონენტს და უხეშად არ მოექცე ოპონენტს ეთერში. სხვათა შორის ჩემზე ამან იმოქმედა და თუ მანამდე რაღაც ზედმეტად ცინიკური ვიყავი ან ზედმეტად აგრესიული, იმოქმედა მისმა ამ მოწოდებამ, არ დავკარგო განცდა, რომ ჩემს წინაშე ზის ადამიანი და არ ვატკინო მეორეს", -განაცხადა გიორიგ მარგველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ილიამ მეორე მისთვის ასოცირდება სამშობლოსთან, ქართველობასთან, მასში არის ის შინაარსი და ემოცია, რაც დევს ჩვენს კულტურაში - ერთდოულად იყო ძალიან მტკიცე და ძალიან ემოციური, მაგრამ არ დაკარგო ჰუმანიზმი, მეორე ადამიანის ადამიანად აღქმის უნარი.
"მთის ემოცია არის პატრიარქში, თან სიყვარული და თან სიმტკიცე", -განაცხადა მარგველაშვილმა.