მერიის დახარჯული 55 ტონა საწვავი: ვინ რამდენი „ჩაასხა“

მერიის დახარჯული 55 ტონა საწვავი: ვინ რამდენი „ჩაასხა“

მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ დედაქალაქის მერიაში 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით გახარჯული საწვავის რაოდენობას აქვეყნებს. ინფორმაცია ორგანიზაციამ დედაქალაქის მერიიდან გამოითხოვა. აღმოჩნდა, რომ ქალაქ თბილისის ათ გამგეობაში, სამი თვის განმავლობაში 55 ტონაზე მეტი საწვავია გახარჯული , რაც ყოველთვიურად 18 ტონაზე მეტია. როგორც „მონიტორინგში“ აცხადებენ ამ მონაცემების მიხედვით გამოდის, რომ დედაქალაქის ბიუჯეტს მხოლოდ ათი გამგეობის საწვავი ყოველთვიურად 31 ათას ლარზე მეტი უჯდება.

,,ყველაზე საინტერესო ამ ინფორმაციაში ის არის, რომ სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა 3 თვეში ტონანახევარი საწვავი დახარჯა. კვლევიდან გამომდინარე, აღმოჩნდა რომ, ყოველ სამუშაო დღეს ჩოქური საშუალოდ 23 ლიტრამდე საწვავს მოიხმარს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ავტომობილის მარკიდან(KIA სორენტო) და წვის რაოდენობიდან გამომდინარე ყოველდღიურად 180 კილომეტრზე მეტს უნდა გადიოდეს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ერთი საპატრულო ეკიპაჟი დედაქალაქში 24 საათიანი პატრულირებისას საშუალოდ 240 კილომეტრს ფარავს. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საწვავს არა სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად, არამედ პირადი მიზნებისთვის იყენებენ. ყოველდღიურად 23 ლიტრი საწვავის დახარჯვა ერთი რაიონის გამგებლისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია,“-აცხადებს ,მონიტორინგის ცენტრიდ „მედიატორის“ დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი „პირველ რადიოსთან“ საუბარში

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, კვლევიდან ასევე გამოიკვეთა, რომ მხოლოდ ორი ადამიანია ისეთი, რომელმაც ჩოქურის მსგავსად სამ თვეში ტონანახევარი საწვავის გახარჯვა მოახერხა.

მაღალჩინოსნები, რომლებმაც 1500 ლიტრამდე საწვავი სამ თვეში დახარჯეს მამუკა ჩოქურის გარდა არიან: ზედამხედველობის საქალაქოს სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე - 1500 ლიტრი და კეთილმოწყობის საქალაქოს სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე - 1444 ლიტრი. ხაბეიშვილის განცხადებით, მედიატორის კვლევისას აღმოჩნდა, რომ დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას სამ თვეში მხოლოდ 340 ლიტრი საწვავი აქვს გახარჯული. მარტის თვეში კი მერის საწვავის ხარჯი ნულის ტოლია.

,,საგულისხმო ფაქტია, რომ დედაქალაქის მერს მარტის თვეში საწვავი საერთოდ არ გამოუყენებია, როგორც ჩანს ნარმანიაც ისე გაჩერდა როგორც დედაქალაქი!“- განაცხადა ხაბეიშვილმა.