ნატო გააგრძელებს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობას. განვახორციელებთ ერთობლივი თანამშრომლობის ფართო სპექტრს, მათ შორის სამხედრო სწავლებებს, საქართველოში სასწავლო ბაზების შექმნას და განვაგრძობთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან არ ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და მათ საქართველოს ნაწილებად მივიჩნევთ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
თურქეთის ქალაქ ანტალიაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა იმართება, რომელზეც კოლექტიური უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობაზე, ავღანეთში ნატოს ყოფნაზე მსჯელობენ.