კახა კალაძე ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

კახა კალაძე ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს, დეიმონ ვილსონს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დეიმონ ვილსონმა განუცხადა, საუბარი იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაზე. მისივე თქმით, ენერგოუსაფრთხოება საქართველოს მომავალი უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განვითარების საფუძველია, ამიტომ მინისტრთან ჰქონდა საინტერესო მოლაპარაკებები, თუ როგორ შეიძლება ამ კუთხით განვითარდეს ქვეყანა.

თავის მხრივ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ენერგეტიკაში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, რათა საქართველო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს.

"საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს რეგიონში. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ისეთ პროექტებში, როგორიც არის "შაჰდენიზის"

მეორე ფაზა, რომლის მშენებლობა დაიწყო და პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში 2 მილიარდი დოლარი იქნება დახარჯული. ჩვენ გვექნება საშუალება დამატებით მივიღოთ ბუნებრივი აირი და ასევე ევროპის ქვეყნებს ექნება საშუალება ისარგებლონ დამატებით გაზით. რა თქმა უნდა საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ როგორც ევროპისთვის, ასევე ამერიკისთვის სანდო პარტნიორი ქვეყანა ვართ და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ პროცესში მონაწილეობას", - აღნიშნა კალაძემ.

კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა ფორუმთან დაკავშირებითაც, რომელიც ხვალ უნდა გაიხსნას. მისი თქმით, თბილისს 60-მდე ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია, ასევე 1 500-მდე სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელი ესტუმრება. კალაძე მიიჩნევს, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, კომპანიებსა და ბიზნესნმენებს გააცნობენ ისეთ კონკრეტულ პროექტებს, რომელიც არა მხოლოდ ენერგეტიკული მიმართულებით გააჩნია საქართველოს მთავრობას.