საქალაქო სასამართლომ

საქალაქო სასამართლომ "საყდრისი-ყაჩაღიანის" არქეოლოგიური ობიექტის ადგილზე დათვალიერების განჩინება მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, მხარეთა, მოწმეთა და სპეციალისტთა მონაწილეობით "საყდრისი-ყაჩაღიანის" არქეოლოგიური ობიექტის ადგილზე დათვალიერების შესახებ განჩინება მიიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა მოსარჩელე კახა კოჟორიძისა და გიორგი გოგოჭურის შუამდგომლობა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მოპასუხე საქართველოს კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და საქმეში მესამე პირად ჩართული, "RMG Gold"-ის მიმართ. მოსარჩელეები ითხოვდნენ 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერებას. აღნიშნული აქტების საფუძველზე, კომპანია "RMG Gold"-ს "საყდრისი-ყაჩაღიანის" არქეოლოგიური ობიექტის "აღება-დაშლის " თანხმობა მიეცა.

სასამართლოს ინფორმაციით, უზრუნველყოფის ღონისძიებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ მიიღო განჩინება მხარეთა, მოწმეთა და სპეციალისტთა მონაწილეობით, ობიექტის ადგილზე დათვალიერების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობის განხილვა გაგრძელდება 18 მაისს, 12:00 საათზე.