"ოცნების" პოპულარობა ეცემა და თუ ხელისუფლება ამას ვერ ხვდება, მაშინ უფრო მძიმედ ყოფილა საქმე

"ქართული ოცნების" პოპულარობა ეცემა და თუ ხელისუფლება ამას ვერ ხვდება, მაშინ უფრო მძიმედ ყოფილა საქმე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური რეიტინგების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, ის, რომ გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის საპარლამენტო არჩევნებზე ვის მისცემს ხმას, სწორედ მოსახლეობის იმედგაცრუებაზე მიუთითებს.

"თუ გახსოვთ, 2012 წლის არჩევნებამდე, სანამ ე.წ. ცოცხების სკანდალი მოხდებოდა, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებში საკმაოდ დიდი იყო მაჩვენებელი კატეგორიისა "არ ვიცი" და სკანდალის გამო სიტუაციის აფეთქების შემდეგ, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი გადავიდა "ოცნების" მხარეს. დღესაც იგივე სიტუაციაა - ახლაც არის იმედგაცრუებულთა ძალიან დიდი მასა, რომელმაც არ იცის, ვის მისცეს ხმა. ბუნებრივია, ეს ის ხალხია, ვინც "ოცნებას" დაუჭირა მხარი და ამაში ეჭვი არ მეპარება. ახლა მათ აღარ იციან ვის მისცენ ხმა ან ზოგიერთი მათგანი ოპოზიციის მხარდაჭერას აპირებს, თუმცა ჯერჯერობით ამის თქმას ვერ ბედავს, რადგან საზოგადოებაში შიშები – არ დამიჭირონ, სამსახურიდან არ გამიშვან და ა.შ. კვლავ არსებობს. ამ სიტუაციაში, ალბათ, უფრო და უფრო ქვემოთ წავა "ოცნების" რეიტინგი. ჯერჯერობით, ალბათ, არ მოიმატებს არც ერთი სხვა პარტიის პოპულარობაც, მათ შორის არც "ნაციონალური მოძრაობის", მაგრამ თუ რაღაც ისეთი ან შეიძლება ნაკლებად ძლიერი სკანდალი მოხდება, როგორიც ე.წ. ცოცხების სკანდალი იყო, არ არის გამორიცხული, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს და გადაუწყვეტელთა მასა აღმოჩნდეს ოპოზიციის რიგებში - რომელი ოპოზიციის, ამას დრო გვიჩვენებს", - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

მისივე აზრით, შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ NDI-ის რეიტინგებს არა თუ უნდობლობა უნდა გამოუცხადოს, არამედ ის მიიღოს, როგორც დამაფიქრებელი მესიჯი.

"მე რომ მკითხოთ, ეს შედეგები ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, მაგრამ "ოცნება" ჩემ ჭკუაზე არ დადის. გვითხრან ერთი ვის შედეგებს ცნობენ? აცხადებენ, რომ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ამ დროს არ ცნობს არც "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" და არც "რესპუბლიკური ინსტიტუტის" მიერ ჩატარებულ კვლევებს. აბა ვის კვლევებს ცნობენ? – "ედინაია რასიას" კვლევებს ხომ არ ცნობენ შემთხვევით? - გვითხრან. საინტერესოა, ვის ენდობიან მსოფლიოს ზურგზე? მე გულის სიღრმეში იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგად ენდობიან და ეს ძველი პოზაა, რომელიც 2012 წლის არჩევნებიდან მოდის.

ჩემი აზრით, "ოცნების" ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ შეცდომას არ აღიარებენ, რაც ბევრ მთავრობას სჩვევია, მაგრამ "ოცნებას" ეს ამბავი დიდი დოზით სჭირს. ასევე, ამ ხელისუფლების მეორე და უფრო სერიოზული პრობლემაა ის, რომ აკლია კვალიფიციური კადრები, რომლებიც მის მუშაობას გააუმჯობესებენ - ერთია ცნო და აღიარო შენი პრობლემა და მეორეა აღიარების შემდეგ პრობლემის გამოსწორებაზე იმუშაო. "ოცნების" პრობლემა ისაა, რომ პრობლემის გამოსწორებაზე ვერ მუშაობენ, თორემ იმას, რომ მათი პოპულარობა ეცემა, იმედია ხვდებიან. თუ ვერ ხვდებიან, მაშინ უფრო მძიმედ ყოფილა საქმე", - აღნიშნა შარაშენიძემ.