ნატო-ში გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით, გაუგებრად მოლოდინებს არ გავზრდით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლება ქმნიდა წარმოუდგენელ და გაუგებრად გაზრდილ მოლოდინებს, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება აღარ გაიმეორებს.
"ეს ერთ-ერთი თემაა რის გამოც წინა ხელისუფლებას ვუპირისპირდებოდით, როდესაც წარმოუდგენლად და გაუგებრად იყო გაზრდილი მოლოდინები იგივე ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებით. ქართველები ყოველ დღე იღვიძებდნენ იმ მოლოდინით, რომ ხვალ დილით ნატო-ს წევრები გავხდებოდით და შემდეგ ის დღე რომ ღამდებოდა გაბრაზებულები იძინებდნენ რატომ არ გავხდით იმ დილით ნატო-ს წევრები. ამას ჩვენი ხელისუფლება არ აპირებს არც ერთი წამით", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ქართულ-ამერიკული წვრნთები, რომლებიც მიმდინარეობს, ეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და ნამდვილად უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას.
"ასეთ წვრთნებში იბადება ჯარისკაცების პროფესიონალიზმი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლების შესახებ, ნატო-ში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი საუბრობს.
მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი კურტ ვოლკერი, რომელიც საქართველო-რუსეთის ომის დროს ნატო-ში შეერთებული შტატების ელჩი იყო, "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს - რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებთან ნატო-ს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს რეგიონი არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ევროპის სამეზობლოც არის. თუმცა, ვოლკერი ინტერვიუში ხაზგასმით ამბობს, რომ წვრთნებმა საქართველოს მცდარი მოლოდინები არ უნდა შეუქმნას.
"ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთან მიმართებით ნატო კოლექტიური უსაფრთხოების პასუხისმგებლობას იღებს. ეს აყალიბებს ურთიერთობებს, ეხმარება საქართველოს დაახლოებას უსაფრთხოების ძალებთან, რომ იქნებ ერთ დღესაც საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს, რაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ითქვა. მაგრამ ამჟამად ამ საკითხს ნატო აქტიურად არ განიხილავს, გულწრფელად რომ გითხრათ ეს არც საქართველოში განიხილება. კარგია წვრთნების ჩატარება, მაგრამ ნუ ჩავთვლით, რომ ამით ნატო საქართველოს დაცვის პასუხისმგებლობას იღებს", - ამბობს ვოლკერი.
მისი თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების პასუხისმგებლობაზე თვითონ ნატო-ს წევრებს შორის დიდი უთანხმოებაა, მის ბევრ წევრს არ სურს პარტნიორი ქვეყნების კრიზისების მართვაში ჩაერიოს. ამის პარალელურად რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს.
"ვფიქრობ, ახლა რუსეთს ძალიან აგრესიული პოზიცია აქვს. მან ყირიმის ანექსია მოახდინა, შეიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში, მოახდინა მოლდოვის ოკუპაცია, აგრძელებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაციას, ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, ახლა კი მათთან ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი, რაც დე ფაქტო ანექსიაა. ამით რუსეთის საზღვრებმა ამ რეგიონების მეორე მხარეს გადაიწია და მე ვერ ვხედავ, რომ ნატო ამის რამენაირად შეცვლას ცდილობდეს",-აცხადებს ვოლკერი.