გიორგი მარგველაშვილისა და დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადებები

გიორგი მარგველაშვილისა და დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადებები

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და  ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს:

დონალდ ტუსკი:

„მოგესალმებით,

მოხარული ვარ დღეს აქ ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს - ჩემს კარგ მეგობარს, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბრიუსელში. საქართველო ევროკავშირის ახლო პარტნიორია. აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის გათვალისწინებით, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება, ჩვენი შეხვედრა სწორედ დროული იყო. მე განვუცხადე პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომ რიგის სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ევროკავშირის მტკიცე ერთგულებას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი და მიზანს განავითაროს უფრო ძლიერი, ახლო და დიფერენცირებული ურთიერთობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის. მე ასევე მოვუწონე პრეზიდენტს მისი ქვეყნის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების შესაბამისობის თვალსაზრისით. შემდგომი ნაბიჯი მკვეთრად განსაზღვრულია და ჩვენ შევთანხმდით გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში წარმატებით დავასრულოთ ეს პროცესი. ჩვენ ვაგრძელებთ სვლას საერთო მიზნისაკენ, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირში მიმოსვლის უვიზო რეჟიმს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ჰარმონიული იმპლემენტაცია კიდევ ერთი პრიორიტეტია. 2014 წლის 1 სექტემბრიდან [ასოცირების შეთანხმების კონკრეტული ნაწილების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) კომპონენტის ჩათვლით] დროებითი გამოყენების დაწყების შემდეგ, საქართველოს საექსპორტო მოცულობა ევროკავშირში, წინა წლებთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა წინა წლებთან შედარებით.

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ პროგრესის ხელშეწყობას. ასოცირების შეთანხმება აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას და ვიმედოვნებთ, რომ სრულად ავითვისებთ მის პოტენციალს.

საქართველოს მთავრობისათვის დღეს მნიშვნელოვანია საკუთარ მოქალაქეებთან ინტენსიური დიალოგი, ამ პროცესის ხანგრძლივი და მტკიცე საზოგადოებრივი მხარდაჭერისათვის. ჩვენი საერთო მიზანია საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოდ გარდაქმნა და მისი მოქალაქეების ეფექტიანი ეკონომიკური შესაძლებლობებით უზრუნველყოფა. ბოლოს, და ცხადია, არა უკანასკნელად, მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას და, ასევე ჩვენს მყარ პოზიციას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე მონაწილეობაში.

დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო.“

გიორგი მარგველაშვილი:

„გმადლობთ.

ყოველთვის სასიამოვნოა მეგობრებთან შეხვედრა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური დიალოგის გამართვა ბატონ ტუსკთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს აქტიური ევროპული დღის წესრიგი, რომელიც არის ინტენსიური და გახლავთ უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი ეროვნული განვითარებისთვის.

ჩვენ ძალიან აქტიურები ვიყავით ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე და აქტიურმა დიალოგმა ჩვენს ევროპელ მეგობრებთან უზრუნველყო შემდგომი განვითარება, რეფორმები და პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოსთვის. ამჟამად დავიწყეთ უფრო დეტალური, სპეციფიკური განხილვები, რომელიც  ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას ვიზის ლიბარალიზაციის პროცესში. აღნიშნული ინტენსიური დიალოგი დადებითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე. თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან, უზრუნველყოფს საქართველოს პოზიტიურ წინსვლას მისი ისტორიული არჩევანისა და ისტორიული ოჯახისაკენ, რომელიც ჩვენი ხალხისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. განვიხილეთ  რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად, რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.

ჩემთვის დიდი პატივია მოგიწვიოთ საქართველოში; გელით თბილისში, და არა მხოლოდ, რათა გაგიზიაროთ ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და, ასევე მოხარული ვარ, რომ თქვენ მიიღეთ ჩემი მოწვევა.

ჩვენთვის დიდი პატივი იქნება ვუმასპინძლოთ ბატონ დონალდ ტუსკს თბილისსა და ბათუმში. ველი მის ვიზიტს, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, დამატებით პოზიტიურ ემოციებს შემატებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობას.“