"ის რაც განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროში, იყო არა მინისტრის, არა სამინისტროს დამსახურება, არამედ მთლიანად სამთავრობო გუნდის"

ის, რაც განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროში იყო არა მინისტრის, არა სამინისტროს დამსახურება, არამედ მთლიანად სამთავრობო გუნდის და პოლიტიკის, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც NDI-ის გამოკითხვით ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა შეფასდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სულ მალე გამოქვეყნდება მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ახლოსაა NDI-ს კვლევის შედეგებთან.

"პირადად მე, არ გახლავართ სოციოლოგიური კვლევების სპეციალისტი, თუმცა შემიძლია გავაკეთო ასეთი შედარებები, რომ სულ მალე, ალბათ თვის ბოლოს ჩვენ გვექნება მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, რომელიც უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ე.წ. შიდა მეურნეობის კვლევის პრინციპზეა დაფუძნებული. წინასწარი მონაცემებით, მათი შედეგები ძალიან ახლოსაა იმ შედეგებთან, რაც NDI-მ ამ შემთხვევაში გამოაქვეყნა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზოგადად ცხოვრებისეული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ლიდერობა და აღიარება ყოველთვის გაზრდილ პასუხისმგებლობას გულისხმობს, სხვა შემთხვევაში შეიძლება დიამეტრალურად განსხვავებული დამოკიდებულება მივიღოთ საზოგადოებისგან. ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხზე. ასეთი ტიპის კვლევების შეფასებაში ექსპერტიზა გამიჭირდება. თუმცა, პირველ ნაწილში იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროში გატარებული შეფასებები დიდი მოწონებით სარგებლობს, ხოლო მეორე ნაწილში განზოგადებულში იგივე კვლევა ამბობს, რომ ეს რეფორმები არ იყო მიმართული საზოგადოებისკენ, ამის ინტერპრეტაცია გამიჭირდება და არ ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ასეთი გამოკვეთილი ლიდერია და ყველა სხვა დანარჩენმა არ გაატარა რეფორმები. ის რაც განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროში, იყო არა მინისტრის, არა სამინისტროს დამსახურება, არამედ მთლიანად სამთავრობო გუნდის და პოლიტიკის. ჩემი შეფასებით, ეს გარკვეულწილად შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი მიგნებები იყოს ამ კვლევის", - განაცხადა სერგეენკომ.