კურტ ვოლკერი - ქართულ-ამერიკულმა წვრთნებმა საქართველოს მცდარი მოლოდინები არ უნდა შეუქმნას

კურტ ვოლკერი - ქართულ-ამერიკულმა წვრთნებმა საქართველოს მცდარი მოლოდინები არ უნდა შეუქმნას

საქართველოში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლების შესახებ,  ნატო-ში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი საუბრობს. 

მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი კურტ ვოლკერი, რომელიც საქართველო-რუსეთის ომის დროს ნატო-ში შეერთებული შტატების ელჩი იყო, "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს - რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებთან ნატო-ს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს რეგიონი არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ევროპის სამეზობლოც არის. თუმცა, ვოლკერი ინტერვიუში ხაზგასმით ამბობს, რომ წვრთნებმა საქართველოს მცდარი მოლოდინები არ უნდა შეუქმნას.

"ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთან მიმართებით ნატო კოლექტიური უსაფრთხოების პასუხისმგებლობას იღებს. ეს აყალიბებს ურთიერთობებს, ეხმარება საქართველოს დაახლოვებას უსაფრთხოების ძალებთან, რომ იქნებ ერთ დღესაც საქართველო ნატოს წევრი გახდეს, რაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ითქვა. მაგრამ ამჟამად ამ საკითხს ნატო აქტიურად არ განიხილავს, გულწრფელად რომ გითხრათ ეს არც საქართველოში განიხილება. კარგია წვრთნების ჩატარება, მაგრამ ნუ ჩავთვლით რომ ამით ნატო საქართველოს დაცვის პასუხისმგებლობას იღებს", - ამბობს ვოლკერი. 
მისი თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების პასუხისმგებლობაზეზე თვითონ ნატო-ს წევრებს შორის დიდი უთანხმოებაა, მის ბევრ წევრს არ სურს პარტნიორი ქვეყნების კრიზისების მართვაში ჩაერიოს. ამის პარალელურად რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს.

"ვფიქრობ, ახლა რუსეთს ძალიან აგრესიული პოზიცია აქვს. მან ყირიმის ანექსია მოახდინა, შეიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში, მოახდინა მოლდოვის ოკუპაცია, აგრძელებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაციას, ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, ახლა კი მათთან ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი, რაც დე ფაქტო ანექსიაა. ამით რუსეთის საზღვრებმა ამ რეგიონების მეორე მხარეს გადაიწიადა მე ვერ ვხედავ, რომ ნატო ამის რამენაირად შეცვლას ცდილობდეს",-აცხადებს ვოლკერი. 

უკრაინის კონფლიქტზე საუბრისას ვოლკერი იმ სამ მიზეზს ასახელებს, რომლებიც, მისი აზრით, პუტინს წაახალისებს. პირველი პუტინის პოპულარობაა რუსეთში, მეორე - პუტინის მოლოდინი, რომ რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები არ გაიზრდება და მესამე - დასავლეთის გადაწყვეტილება სამხედრო მეთოდებით არ უპასუხოს რუსეთის აგრესიას.