გიორგი მარგველაშვილი - ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია, დამატებით რამდენიმე კვადრატულ მეტრს ეძებს

გიორგი მარგველაშვილი - ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია, დამატებით რამდენიმე კვადრატულ მეტრს ეძებს

ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია, დამატებით რამდენიმე კვადრატულ მეტრს ეძებს, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის დროს "როიტერთან" ინტერვიუში გააკეთა. 

მისი თქმით, რუსეთი საფრთხეს უქმნის თავის მეზობლებს და საკუთარი საზღვრის ირგვლივ უკონტროლო ტერიტორიებს ქმნის. მარგველაშვილმა საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და გადაწყვეტილებებს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით იღებს. 

"არსებობს საქართველოს არჩევანის რაციონალური ლოგიკა, ევროკავშირის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის და ნატო-ს მხარდამჭერი. არსებობს კიდევ სხვა სახის ლოგიკა, რომლის მიხედვითაც ამბობენ, "რატომ არ აკეთებთ საპირისპიროს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს სურს ასე". როგორ შეგიძლიათ ეს ახსნათ? ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და არა რუსეთის ინტერესების მიხედვით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

მარგველაშვილმა უკრაინის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 20 წლის შემდეგ, რაც უკრაინამ ხელი მოაწერა ბირთვული განიარაღების ხელშეკრულებას, ახლა მისი ტერიტორიები ოკუპირებულია.