ლარის კურსზე მეტი თავის ტკივილი ალბათ დღეს არ არსებობს

ლარის კურსზე მეტი თავის ტკივილი ალბათ დღეს არ არსებობს

ლარის კურსზე მეტი თავის ტკივილი ალბათ დღეს არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა ამ დროისთვის არსებული პარამეტრები იძლევა საფუძველს ვარაუდის, რომ მნიშვნელოვან რყევებს ადგილი არ ექნება.

"ლარის კურსზე მეტი თავის ტკივილი ალბათ დღეს არ არსებობს. გარღვევა, რომელიც იყო იმპორტსა და ექსპორტს შორის, ფაქტობრივად ნულზე არის დასული. ტურიზმის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენცია გვაქვს. მთავრობის დამტკიცებასთან ერთად სავიზო-ლიბერალიზაციის კუთხით ყველა ნაბიჯი გადაიდგა. კანონი უკვე მიღებულია. უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომაზე ასევე იქნება განხილული პაკეტი, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად შევამსუბუქოთ ტურისტების შემოსვლის პროცედურები. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვან რყევებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან ეს პროგნოზი არის ნაზავი ფუნდამენტური მონაცემებისა და ემოციების. რაც უფრო დამშვიდებული იქნება ბაზარი, მით უფრო ნაკლები იქნება ემოციური კომპონენტი და ამაზე იქნება დამოკიდებული მომავალში დიდწილად ლარის კურსი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა საპრივატიზაციო ობიექტებზეც. მისი თქმით, პრივატიზაციის შედეგად 2015 წელს 83 მილიონ ლარზე მეტი არის შემოსული, რაც შარშანდელ შემოსულებებზე მეტია. მინისტრის ინფორმაციით, მარტო 4 თვის განმავლობაში უკვე ფაქტობრივად ძალიან დიდი ნაწილი საპრივატიზაციოდ გამოტანილი ობიექტების გაიყიდა, თუმცა, გასაყიდი კიდევ ბევრი რჩება.

"ჩვენ ძალიან აქტიურ, ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. დარჩენილი ობიექტები არ არის ისეთი დიდი ობიექტები, როგორიც არის "ბათუმი თაუერი" და თბილისის ყოფილი ნარკოლოგიური დისპანსერის შენობის მიმდებარე ტერიტორია. არის უამრავი წვრილი ობიექტი, რომლებიც საბოლოო ჯამში ძალიან კარგ ფისკალურ და ეკონომიკურ ეფექტს გვაძლევს. უკვე გამზადებული გვაქვს და საპრივატიზაციოდ გამოვა წყალტუბოს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტები, ობიექტები ბათუმში, თბილისში მიწის ნაკვეთები. რამდენიმე ათეული მილიონის შემოსვლას ველოდებით ამის შედეგად. არის კიდევ მსხვილი ობიექტები. ევროპის რეკონსტრუქციის ბანკს ძალიან აქტიურად ველაპარაკებით საქართველოს ფოსტის საპრივატიზაციოდ მომზადებაზე. ასევე საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდება თბოელექტროსადგური", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.