"მე პირობა მივეცი მშობლებს, რომ აუცილებლად ჩატარდება ობიექტური გამოძიება"

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავში განუცხადა, სადაც ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრა.

პანაშვიდს ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.

„მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს. სიტყვები არ მყოფნის და არ ვიცი, როგორ გადმოვცე ის მწუხარება, რამაც ყველა შეგვძრა. ეს არის ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას, მათ შორის სასტუმროს მეპატრონეს, სპეკულაციური განცხადებების გაკეთებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„მაშინ, როდესაც სასტუმროს მეპატრონე დაკარგულ ქონებას მისტირის, ჩვენ სამი, ანგელოზივით ბავშვი უნდა დავკრძალოთ. დასკვნები უნდა გაკეთდეს გამოძიების დასრულების შემდეგ“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა ჟურნალისტებთან კონტროლის მექანიზმებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებაც ისაუბრა.