ინვესტორთა საბჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს

ინვესტორთა საბჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოში ინვესტორთა საბჭო შეიქმნება.

ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბატიმ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერეს. პრემიერის შეფასებით, ეს ეტაპი საქართველოს მთავრობასა და EBRD-ის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებულია. მისივე თქმით, ინვესტორთა საბჭო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.

"ინვესტორთა საბჭო მთავრობასა და ბიზნესს შორის შექმნის დიალოგის ახალ პლატფორმას და ხელს შეუწყობს საქართველოში ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს, ქვეყანაში ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული და გამჭირვალე ბიზნესგარემოს არსებობაში. მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს მთავრობა იმ კონკრეტული სფეროების იდენტიფიცირებას მოახდენს, რომლებშიც საქართველოს მთავრობის მოქმედებები და ბანკის მხარდაჭერა ბიზნესგარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შესაძლებელს გახდის. ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით განვიხილავთ და განვახორციელებთ იმ წინადადებებს, რომლებსაც ბიზნესსაზოგადოება შემოგვთავაზებს და რა თქმა უნდა განხილვა მოხდება ინვესტორთა საბჭოს სხდომებზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შიდა და გარე ინვესტიციების ხელშეწყობის და შესაბამის სფეროებში პრაქტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით ჩვენი მთავრობა ასევე ითანამშრომლებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელობასთან, ასევე სხვა ინსტიტუტებთან. საქართველოს მთავრობის ძალისხმევა სწორედ ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირების და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენაა მიმართული. მოხარული ვართ, რომ მემორანდუმის ფარგლებში ბანკი თავისი სტრატეგიის შესაბამისად მხარს დაუჭერს  საქართველოს განვითარების გეგმის იმპლემენტაციას. EBRD ასევე ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან იმ სფეროებში, რომლებშიც მას შეუძლია საკუთარი გამოცდილების და ცოდნის გაზიარება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე ინფორმაციით ინვესტორთა საბჭო 15 წევრისგან დაკომპლექტდება და მის საქმიანობას თავად უხელმძღვანელებს. საბჭოს შემადგენლობაში შევლენ როგორც ქართული და უცხოური ბიზნესასოციაციები, ასევე საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენი და კერძო სექტორის განვითარების სფეროში აქტიური, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.