საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა რთულია, მაგრამ ეს არ არის დაუძლეველი

საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა რთულია, მაგრამ ეს არ არის დაუძლეველი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი, სერ სუმა ჩაკრაბარტი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, დაძლევს არსებულ რთულ სიტუაციას და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.

ამის შესახებ სუმა ჩაკრაბარტიმ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ხელი მოეწერა ქვემო ქართლში მყარი ნარჩენების პროექტის განხორციელების მიზნით ხელშეკრულებებს.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შესახებ კითხვებზე პასუხად ჩაკრაბარტიმ აღნიშნა, რომ ამ მხრივ რთული ვითარებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში.

"ზოგადად საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა ამჟამად რთულია, მაგრამ ეს არ არის დაუძლეველი. რეგიონში ეკონომიკური ზრდა შენელებულია იმის გამო, რა მდგომარეობაც არის რუსეთის ეკონომიკაში. ვფიქრობ, საქართველოში არის ფუნდამენტურად ძლიერი საფუძვლები ეკონომიკური ზრდისთვის. სწორედ ამიტომ EBRD-მა ყველაზე მეტი ინვესტიცია რეგიონში თქვენს ქვეყანაში განახორციელა. ვიმედოვნებ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად კარგად გაუძღვება სიტუაციას და შეძლებს, ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალ ნიშნულს მიუახლოვდეს. ამის პოტენციალი ქვეყანაში ნამდვილად არსებობს", - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.

რაც შეეხება საკითხს, EBRD-ის პროგნოზით რამდენია მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ჩაკრაბარტი აცხადებს, რომ EBRD-ის ანგარიში მიმდინარე კვირის ბოლოს გამოქვეყნდება და მანამდე არაფრის თქმა არ შეუძლია. თუმცა, მან მაინც აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი ძირითადად იგივეა, რაც იანვარში იყო. ევროპის რეკონსტრუციისა და განვითარების ბანკის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,2% იყო.