მთავრობის ინიციატივა, დაღუპული პოლიციელების ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე პარლამენტს განსახილველად წარედგინა

მთავრობის ინიციატივა, დაღუპული პოლიციელების ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე პარლამენტს განსახილველად წარედგინა

მთავრობის ინიციატივა, რომელიც დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრების სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

ამ მიმართულებით ცვლილებები "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ", "პოლიციის შესახებ" და "სახელწიფო პენსიის შესახებ" კანონებში შედის.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, 1000-ლარიანი ყოველთვიური სახელმწიფო კომპენსაცია დაუწესდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახებს. სახელმწიფო კომპენსაციას ისინი საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდშიც მიიღებენ, სხვა კომპენსაციასა და პენსიასთან ერთად.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ზედმეტად, არასწორად დარიცხული საკომპენსაციო თანხები ლეგალიზაციას ექვემდებარება. როგორც კანონროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მისი დაბრუნების ვადლებულებისგან 45 პირი გათავისუფლდება. ლეგალიზაციას კი, დაახლოებით 432 450 ლარი დაექვემდებარება.

რაც შეეხება "პოლიციის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (პრევენციული ღონისძიების, სამართალდარღვევის აღკვეთის, დამნაშავის შეპყრობის, დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკების, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმის, აგრეთვე მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენისას) პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს (მემკვიდრეს) შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება - 100 000 ლარის ოდენობით.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში განხილვა ჯერ არ დაწყებულა.