სასწრაფოდ უნდა მოხდეს მთავრობის ხარჯებისა და გადასახადების შემცირება, ასევე სავიზო რეგულაციების გაუქმება

სასწრაფოდ უნდა მოხდეს მთავრობის ხარჯებისა და გადასახადების შემცირება, ასევე სავიზო რეგულაციების გაუქმება

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის აზრით, სასწრაფოდ არის გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას და ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.

ჯაფარიძის თქმით, საჭიროა სასწრაფოდ მოხდეს მთავრობის ხარჯების შემცირება, გადასახადების შემცირება და ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებული, მათ შორის სავიზო რეგულაციების გაუქმება.

აღნიშნული განცხადებით ჯაფარიძე "ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პირველად მოხდა, რომ მთავარი პრობლემების სამეული მთლიანად ეკონომიკური შინაარსისაა და წარმოადგენს სამუშაო ადგილებს (66% - იყო 63%), ფასების ზრდას და ინფლაციას (43% - იყო 19%), სიღარიბეს (39% - იყო 32%).

"პირველად მოხდა, რომ ხალხის რაოდენობა ვინც ამბობს, რომ მთავრობა არ ატარებს მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, აღემატება მათ, ვინც ამბობს, რომ მთავრობა ასეთ ცვლილებებს ატარებს. მათი რიცხვი ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით არის რეკორდულ ნიშნულზე. ასევე რეკორდულად შემცირდა იმათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ამ ფონზე ვხედავთ, რომ ლარი კვლავ განაგრძობს გაუფასურებას და წინა კვირაში, ივანიშვილის მორჩილმა საპარლამენტო უმრავლესობამ კვლავ დაამტკიცა მთავრობის იგივე შემადგენლობა, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. მოსახლეობას რომ შევახსენოთ, მთავრობას დღემდე არ აქვს კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა და დღემდე არ წარმოუდგენია როგორ აპირებს ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას, რაც გარდაუვალია ეკონომიკის ზრდის ტემპის ვარდნის გამო. ვთვლი, რომ სასწრაფოდ არის გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას და გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან. საჭიროა სასწრაფოდ მოხდეს, მთავრობის ხარჯების შემცირება, გადასახადების შემცირება და ბოლო 2 წლის განმავლობაში მიღებული, მათ შორის სავიზო რეგულაციების გაუქმება. ივანიშვილის მთავრობას არ გააჩნია ამ ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება და ის უნდა წავიდეს. სხვა შემთხვევაში არსებული ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და ქვეყნის ეკონომიკის შემობრუნებას არაერთი წელი დასჭირდება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.