ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ „ბრძანებას“ ხელი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თვითაღიარებულმა ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ მოაწერა.

ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო Lifenews.ru ექსკლუზიურად იტყობინება. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე კოფმანის თქმით, მომხდარი ორ „რესპუბლიკას“ შორის დამყარებულ ურთიერთობებში ლოგიკური ნაბიჯია.

„როგორც აფხაზი, ისე ოსი ხალხი ძალიან ახლოა დონბასის ხალხთან. თავის დროზე დონეცკი აფხაზებსა და ოსებს დაეხმარა, როდესაც მათ ომი ჰქონდათ. ახლა ისინი გვეხმარებიან ჩვენ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგით“, - განუცხადა Lifenews.ru-ს ალექსანდრე კოფმანმა.

ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები გასული წლის ივნისში „აღიარა“. რაც შეეხება აფხაზეთს, დე ფაქტო სოხუმში „აღიარების“ ნაბიჯი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.