საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების ლიდერთან ჯანი პიტელასთან გამართა.
შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის პრიორიტეტები და აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები იყო. საუბარი ასევე შეეხო ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას.
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები რეგიონსა და საქართველოში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, ასევე იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ევროკავშირი მიმდინარე გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით ასრულებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.