საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს რიჩარდ ვებერს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპალატას იმ მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოსა და ევროპის სავაჭრო პალატებს შორის არსებობს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ევროპალატაში წევრობა საქართველოს საშუალებას აძლევს დააკავშიროს ქართული კომპანიები ევროპულ კომპანიებს და ჩართული იყოს ევროკავშირის მნიშვნელოვან ბიზნესზე ორიენტირებულ პროგრამებში, როგორიცაა მაგალითად East Invest.
საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და ევროპული ბიზნესის დაინტერესების მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკური ზრდისათვის.
შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი და პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საგარეო მდივანი თენგიზ ფხალაძე დაესწრნენ.
ევროპალატა მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ქვეყნებს ფარავს და მასში შედის 45 პალატა, მათ შორის ევროპული და ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების ფედერალური პალატები. წევრი პალატების ხაზით ევროპალატა ფარავს: 1700 რეგიონალურ პალატას და 20 მილიონ კომპანიას.