პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველო ერთადერთი თავისუფალი ზონაა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. მისივე თქმით, ამ მიმართულებით საქართველოსადმი მზარდი ინტერესი აქვთ აზიის ქვეყნებს. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმზე გააკეთა.
"ასოცირების შეთანხმების და რუსეთის მზარდი აგრესიის შემდეგ, სრულიად ახალი დატვირთვა შეიძინა საქართველომ, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელმა პრაქტიკულად ერთადერთმა თავისუფალმა ზონამ, თავისუფალმა რუსული იარაღისგან და კიდევ სხვა იარაღისგან სამხრეთში. ერთადერთი თავისუფალი ზონა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და შენარჩუნება და რომელსაც მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა არ გააჩნია. ველი, რომ ეს ევროპისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხი და თემაა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ქართულ-გერმანულ ფორუმზე.
მან აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით მზარდი ინტერესი აქვთ საქართველოსადმი აზიის ქვეყნებს, მათ შორის ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ჩინეთი და ირანი.