საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, ქვეყანას გერმანიის სახელმწიფოს სახით საიმედო პარტნიორი ჰყავს. უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ გერმანია საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანების პროცესში დაეხმარება. აღნიშნული პოზიცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმზე დააფიქსირა, რომელიც ამ წუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს.
"საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. უფრო და უფრო არის განცდა იმისა, რომ მრავალმხრივი გამოწვევების მქონე საქართველოს გერმანიის სახით საიმედო პარტნიორი უჩნდება. ჩვენ ამას დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან ვგრძნობდით, მაგრამ რაც დრო გადის ეს თანამშრომლობა და ურთიერთობა უფრო კომპლექსურ სახეს იღებს. რაც ყველაზე მთავარია, მექმნება განცდა, რომ ქართველებსა და გერმანელებს უფრო მეტად გვესმის ერთმანეთის – ერთმანეთის სტრატეგიების, ერთმანეთის გამოწვევების და ამა თუ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმზე.
მისივე თქმით, ამის დასტურია გერმანიის გააქტიურებული როლი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში.
"გვაქვს იმედი, რომ გერმანია, რომელსაც განსაკუთრებული როლი აკისრია ევროკავშირის წარმატებული განვითარების საქმეში, რომელმაც სხვადასხვა ისტორიული ქარტეხილების საკვანძო მომენტებში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო და თანამედროვე ევროპული სახლის მშენებლობას დაუდო სათავე, ამ მიმართულებითაც თავის წონად სიტყვას იტყვის და საქართველოს ევროპულ პროცესებში ინტეგრაციის მიმართულებით მეტი პერსპექტივა გაუჩნდება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლობით იმართება. შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოსა და გერმანიის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტრატეგიულ ფორუმზე განხილვის საგანი იქნება ისეთი საკითხები, როგორიც არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ევროპული უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე საქართველოს გეოპოლიტიკასთან, ეკონომიკასთან და საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები, მსჯელობის თემა იქნება ქართულ-გერმანული ეკონომიკური თანამშრომლობა, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გამოწვევები და პერსპექტივები.
შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურულია.