მიხეილ მაჭავარიანი:   NDI-ის კვლევის შედეგებმა აჩვენა, საქართველოს რამდენად უნიათო მთავრობა ჰყავს

მიხეილ მაჭავარიანი: NDI-ის კვლევის შედეგებმა აჩვენა, საქართველოს რამდენად უნიათო მთავრობა ჰყავს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, NDI-ის კვლევის შედეგებმა აჩვენა, საქართველოს რამდენად უნიათო მთავრობა ჰყავს.

როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულს მოწმობს გამოკითხულთა პოზიცია, რომელთა უმეტესობაც ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად უმუშევრობას, ფასების ზრდას და სიღარიბეს ასახელებს.

"მთავრობა უნიათოა და არ ზრუნავს სამუშაო ადგილების შექმნაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, იმაზე, თუ როგორ აღუდგეს წინ გაღარიბებასა და ფასების ზრდას. ეს გამოჩნდა NDI-ის კვლევაში. გამოჩნდა ისიც, რომ მთავრობას არ აქვს ვითარებიდან გამოსვლის გეგმა. მხოლოდ საუბარი არ შველის. საჭიროა გეგმა, რომელიც აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ის ყველა კომპეტენტურ ადამიანთან და დავიწყოთ ამ გეგმის რეალიზაცია", - განაცხადა მაჭავარიანმა.

NDI-ს კვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნული საკითხების პირველ სამეულში სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე შედის.

შეკითხვაზე, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, სამუშაო ადგილები გამოკითხულთა 66%-მა დაასახელა, ფასების ზრდა/ინფლაცია 43%-მა, სიღარიბე კი - 39%-მა. ეროვნულ საკითხებში შემდეგი ადგილები უჭირავს 27%- ტერიტორიულ მთლიანობას, 21% - პენსიებს, 17%- ხელფასებს, ასევე 17% - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, 12% - რუსეთთან ურთიერთობას, 10% - განათლებას და ა.შ. კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4 360 რესპოდენტი გამოიკითხა.