ნატო მეტი სითამამით უნდა უყურებდეს ნატო-ს გაფართოების არა თუ პერსპექტივას, არამედ აუცილებლობას

ნატო მეტი სითამამით უნდა უყურებდეს ნატო-ს გაფართოების არა თუ პერსპექტივას, არამედ აუცილებლობას

რაც მოხდა და ხდება უკრაინაში, ყველაზე კარგი დასტურია იმისა, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები კიდევ უფრო მეტი სითამამით უნდა უყურებდნენ ნატო-ს გაფართოების არა თუ პერსპექტივას, არამედ აუცილებლობას, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმზე გააკეთა.

უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო აუცილებელი კომპონენტია მშვიდობიანი და სტაბილური ევროპისათვის.

"საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობის წარმომადგენლებს არ დაგვიმალავს, რომ ნატო-ს ეულსის სამიტიდან მეტს ველოდით, მაგრამ ახლა ჩვენ მობილიზებული ვართ იმის იმპლემენტაციაზე, რაც მივიღეთ. ამ პროცესში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია - მათ შორის, უშუალოდ ყოვლისმომცველი პაკეტის სხვადასხვა ღონისძიებებში მას კონკრეტული ფუნქციები დაეკისრა. გვსურს ვირწმუნოთ, რომ კითხვები, რომლებიც ძირითადად უკავშირდებოდა არა თავად საქართველოს მზაობას ნატო-ში სწრაფი ინტეგრაციისკენ, არამედ სხვა პროცესებს რეგიონში და მის მიღმა, იქნება ადეკვატურად შეფასებული, დასკვნები იქნება გაკეთებული არა იქეთკენ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად უნდა შეყოვნდეს, რადგან ეს რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის უფრო სწორია, არამედ პირიქით - პროცესი უნდა დაჩქარდეს. ეს უფრო ადეკვატური პასუხია იმ მოვლენების ფონზე რაც რეგიონში განვითარდა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით მეტი იმუშაოს და არგუმენტები კიდევ უფრო მეტად დაასაბუთოს.