ან ბრასორი:

ან ბრასორი: "რკინის ფარდის" ახდის შემდეგ ახალი ბარიერები შენდება

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ან ბრასორის განცხადებით, ის იმყოფებოდა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან და აღშფოთებულია იმით, რომ "რკინის ფარდის" ახდის შემდეგ ახალი ბარიერები შენდება. ამის შესახებ ან ბრასორმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგჯერ ეს ფიზიკური ბარიერებია, ზოგჯერ კი - ფსიქოლოგიური.

"საქართველოში კი ორივესთან გვაქვს საქმე. ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ტერიტორიული მთლიანობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრინციპს - არავის აქვს უფლება, საზღვრები ძალისმიერი მეთოდებით შეცვალოს", -განაცხადა ბრასორმა.

მან ასევე ისაუბრა საპარლამენტო ასამბლეის ახალ ქვეკომიტეტზე, რომელიც ე.წ. გაყინული კონფლიქტების საკითხზე იმუშავებს.

"რაც შეეხება ქვეკომიტეტს, ის დაკავდება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემებით. კერძოდ, საუბარია ადამიანის უფლებებისა და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დაცვაზე. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, ძალღონე არ უნდა დავიშუროთ ამ პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ უსათუოდ დიალოგის მეშვეობით. ამ მხრივ არსებობს ჟენევის მოლაპარაკებები, სადაც, ჩემი აზრით, ჯერჯერობით განსაკუთრებულ პროგრესს ვერ ვხედავთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს უზარმაზარი გამოწვევაა თქვენი ქვეყნისთვის, და ჩვენ, საპარლამენტო ასამბლეა, გეხმარებით იმ ინსტრუმენტით, რაც გაგვაჩნია - საპარლამენტო დიპლომატიით", -განაცხადა ან ბრასორმა.

ან ბრასორი საქართველოს 7-8 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის მოწვევით სტუმრობდა.