საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში გადაუდებელი რეფორმების საჭიროება არსებობს

საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში გადაუდებელი რეფორმების საჭიროება არსებობს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ან ბრასორის განცხადებით, საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში გადაუდებელი რეფორმების საჭიროება არსებობს. ამის შესახებ ან ბრასორმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საკითხი ქართული პოლიტიკის პირველ პირებთან შეხვედრისას განიხილა.

"გარკვეული წინსვლა არის, მაგრამ ეს ყველაფერი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროკურატურითა და წინასწარი დაკავების საკითხებით. საქმე ეხება მოსამართლეებისა და საზოგადოდ, მართლმსაჯულების სისტემის სანდოობას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ხელისუფლების შტოების გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა.

ქვეყანაში არსებობდა ტრადიცია, რომელიც უნდა შეიცვალოს. მხედველობაში მაქვს მართლმსაჯულების საქმეებში ჩარევა და მასზე გავლენის მოხდენა, რაც მიუღებელია", - განაცხადა ან ბრასორმა.

რაც შეეხება კითხვას, გადაუდებელი რეფორმების საჭიროება უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ახალი მთავრობის დროს გაჩნდა, თუ ასეთივე ვითარება იყო წინა ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის დროსაც, ან ბრასორმა განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც შეუძლია თქვას, არის ის, რომ წინასწარი დაკავებისა და ბევრი სხვა მექანიზმები არ მუშაობდა ისე, როგორც უნდა ემუშავა კარგად ფუნქციონირებად, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაში.

"ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დაუშვებელია დაუსჯელობა. თუ ვინმემ კანონი დაარღვია, იქნება ეს რიგითი მოქალაქე, პოლიტიკოსი, უფლებადამცველი თუ სხვა, კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გამოძიება იყოს გამჭვირვალე, დროული და დამთავრდეს ასეთივე გამჭვირვალე შედეგით. ამ მხრივ კი მრავალი ცვლილებაა საჭირო როგორც კანონმდებლობაში, ასევე პერსონალის კვალიფიკაციაში", - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

ან ბრასორი საქართველოს 7-8 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის მოწვევით სტუმრობდა.