პატრიარქმა ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლებს მიუსამძიმრა და დალოცა ისინი

პატრიარქმა ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლებს მიუსამძიმრა და დალოცა ისინი

რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში, სადაც ქობულეთში დაღუპული ბავშვები არიან დასვენებული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პატრიარქი გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს შეხვდა. პატრიარქი ტაძარში ცოტა ხნის მიბრძანდა და ბავშვების ოჯახის წევრები დალოცა.

როგორც რუსთავის სიონის წინამძღვარმა, დეკანოზმა დიმიტრიმ განაცხადა, პატრიარქმა ანუგეშა და დალოცა გარდაცვლილი ბავშვების მშობლები, ოჯახის წევრები.

მისივე თქმით, ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, ცხედრები რამდენიმე დღის განმავლობაში ტაძარში იქნებიან დასვენებული.

ტაძარში იმყოფებოდა ასევე განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მოადგილეებთან ერთად. მათ ოჯახს მიუსამძიმრეს.

ქვემო ქართილი გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა განაცხადა, რომ დნმ- ის ანალიზის პასუხამდე ბავშვები ტაძარში იქნებიან დასვენებული. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, გამოძიება აქტიურ ფაზაშია შესული და გამოძიების დასრულების შემდეგ ინფორმაცია გასაჯაროვდება და ყველასთვის ცნობილი გახდება.

ცენტრალური ხელისუფლება გარდაცვლილების ოჯახებს 10 ათასი ლარით დაეხმარება. ასევე, ოჯახებს დახმარებას გაუწევს რუსთავის მერიაც. მერია გაიღებს დაკრძალვის ხარჯებს და ოჯახებს ფულად დახმარებსაც გაუწევს.

ქობულეთის სასტუმრო "არმაზში" ხანძრის შედეგად 3 მოზარდი დაიღუპა.