გამოკითხულთა უმრავლესობამ მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა არ იცის

გამოკითხულთა უმრავლესობამ მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა არ იცის

გამოკითხულთა უმეტესობამ პარლამენტში საკუთარი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა არ იცის. ასეთია NDI-ის კვლევის შედეგები, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "რედისონში" გაიმართა.

შეკითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, სწორი პასუხი გასცა რესპონდენთა მხოლოდ 34 %-მა. შეკითხვას არასწორად უპასუხა 7 %-მა, გამოკითხულთა 58 %-მა კი განაცხადა, რომ საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატის შესახებ არ იცის. 1 %-მა პასუხზე უარი განაცხადა.

ამასთან, კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობას – 95 %-ს 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რაიმე საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის რომელიმე წევრისთვის ან მისი ბიუროსთვის/ოფისისთვის არ მიუმართავს. ასევე 97 %-ის თქმით, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნების შემდეგ მათ არც პარლამენტის რომელიმე წევრი დაკავშირებიათ.

რაც შეეხება შეკითხვას, "რას მოელით პარლამენტის წევრისგან", გამოკითხულთა 61 %-ის აზრით, ის იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის (10 %-ის აზრით, ასე არ იქნება, დანარჩენმა ან არ იცის, ან პასუხზე უარს აცხადებს), 48 %-ის შეფასებით, პარლამენტის წევრი მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს (25 %-ის აზრით, მხოლოდ თავის ინტერესებს არ დაიცავს, დანარჩენებმა ან არ იცის, ან პასუხზე უარს აცხადებს), 33 % მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრი აქტიური იქნება (32 % დეპუტატისგან აქტიურობას არ მოელის, დანარჩენებმა ან არ იცის, ან პასუხზე უარს აცხადებს), გამოკითხულთა 27 %-ის აზრით, პარლამენტის წევრი მის ინტერესებს დაიცავს (44 %-ის აზრით, დეპუტატი მის ინტერესებს არ დაიცავს, 28 %-მა კი პასუხი ან არ იცის, ან მისი დაკონკრეტებისგან თავს იკავებს).

ამასთან, რესპონდენტთა უმეტესობა – 50 % ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრისთვის მათთან დასაკავშირებლად საუკეთესო ფორმა საჯარო შეხვედრის გამართვა იქნებოდა.