"ოკუპირებულ აფხაზეთში გერმანული კომპანიის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ"

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბიზნესმენები, რომლებიც აფხაეთში იმყოფებოდნენ, წარმოშობით გერმანელები არიან, მაგრამ მათი კომპანია რუსეთში, სანკტ-პეტერბურგშია დაფუძნებული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აფხაზურ მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

"ძალიან ხშირად საოკუპაციო რეჟიმის მედიაში ბევრი უზუსტობაა, ყოველ შემთხვევაში ჟღერდება ის, რაც მათ სურთ, რომ გაჟღერდეს, რათა ხალხმა დაიჯეროს. იყო ასეთი ინფორმაცია, თითქოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გერმანელი ბიზნესმენები იმყოფებოდნენ და ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პიროვნებები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, ეროვნებით გერმანელები არიან, თუმცა მათი კომპანია სანკტ-პეტერბურგშია დაფუძნებული და ორი რუსი პარტნიორი ჰყავთ. ეს არ არის გერმანული კომპანია", - განაცხადა კერესელიძემ.