ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვები სასტუმროს აბაზანაში იპოვეს

ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვები სასტუმროს აბაზანაში იპოვეს

ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში" მომხდარ ტრაგედიაზე სახანძრო სამსახურის ოცმეთაური მალხაზ ვერულიძე საუბრობს. როგორც ვერულიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ყვება, ხანძრის შედეგად დაღუპული სამივე ბავშვი სასტუმროს ნომრის აბაზანაში იპოვეს. მისივე შეფასებით, ყველა მათგანის ცხედრები დანახშირებული იყო.

"უმძიმესი სურათი დაგვხვდა, ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ირგვლივ საშინელი პანიკა სუფევდა, ყვიროდნენ, გვიშველეთ, ბავშვები არიან დაკარგული და ვერ ვპოულობთო. ზოგი ამბობდა, სამი ბავშვია დაკარგულიო, ზოგიც ოთხს ასახელებდა. გამწარებულები ყველგან ვეძებდით. გვქონდა ინფორმაცია, რომ მესამე სართულზე უნდა ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ, მესამე სართულზე ასვლა ვერ შევძელით, ხის კიბეები იყო და იმხელა ცეცხლი გაჩნდა, კიბე ჩამოიშალა. სახანრძროს სპეცმანქანა მოვიდა, იმ მანქანის კიბით ავედი მესამე სართულზე, მერე სხვებიც ამომყვნენ. ცეცხლის პატარ-პატარა კერებს ვაქრობდით. ამ დროს ვნახეთ ბავშვები... ჩემმა კოლეგამ მითხრა, ეს რა არისო.. იმ ოთახს, სადაც ბავშვები იყვნენ, აღარც კარი ჰქონდა, აღარც ფანჯარა, არც საწოლები გვინახავს, რადგან ყველაფერი დამწვარი, დახრუკული და მიწასთან გასწორებული იყო. სამივე ბავშვი ერთად ვიპოვეთ, აბაზანაში ერთმანეთის გვერდით პირაღმა იწვნენ. როგორც ჩანს, იქ ცდილობდნენ თავის შეფარებას. ისინი დანახშირებული იყვნენ. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია", - აცხადებს სახანძრო სამსახურის ოცმეთაური.

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "არმაზში" ხანძარმა სამი ბავშვი იმსხვერპლა. რუსთავის ცეკვის ანსამბლი "სიხარული 2"- ქობულეთში კონცერტის გასამართად იმყოფებოდა. სასტუმროს მფლობელის, შერმადინ ართმელაძის განცხადებით, "ანსამბლის ხელმძღვანელები ქეიფობდნენ, ბავშვები კი უყურადღებოდ ჰყავდათ დატოვებული". ანსამბლის ხელმძღვანელი გოგი მარღანია კი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ნასვამი არ ყოფილა, რადგან გული აწუხებდა.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი იმ ოთახში დამონტაჟებული კონდიციონერების სადენებიდან გაჩნდა, რომელშიც დაღუპული ბავშვები - რევაზ დემეტრაშვილი, დავით ზაქრაძე და თორნიკე ხვიჩია იყვნენ დაბინავებული.