ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების ცხედრების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა

ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების ცხედრების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა

ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების ცხედრები ბათუმის ექსპერტიზის ბიუროდან რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავთ. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძლიერი დამწვრობების გამო, ცხედრების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რის გამოც, გარდაცვლილების მშობლებს დნმ-ის ანალიზი აუღეს.

ლევან გორგილაძის განმარტებით, დნმ-ის ანალიზების პასუხებამდე ცხედრები რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში იქნებიან დასვენებული.

"იდენტიფიკაციის მიზნით, აღებული იქნა დნმ-ისთვის მასალა მშობლებიდან და გარდაცვლილებიდან, გაიგზავნა თბილისში, სადაც ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები და ბავშვების იდენტიფიკაცია. ცხედრებს გადაასვენებენ რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში და დნმ-ის ანალიზის პასუხების შემდეგ მიასვენებენ ოჯახებში", - აღნიშნა ლევან გორგილაძემ.

მისივე განმარტებით, ექსპერტიზის და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.