ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აუცილებლად აისახება რიგის სამიტის დეკლარაციაში.
როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირმა გამოაქვეყნა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო წარმოუდგენლად დიდი პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო 6 თვეში მიაღწია.
რაც შეეხება რეკომენდაციების ნაწილს, ბაქრაძის თქმით, ქართული მხარე მის შესასრულებლად მზად არის.
"ჩვენი მნიშვნელოვანი პროგრესი აუცილებლად აისახება რიგის სამიტის დეკლარაციაში, ისევე, როგორც სხვა საკითხები, რომელზეც მუშაობა გრძელდება", -განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ევროკომისიამ 8 მაისს გამოაქვეყნა თავისი მესამე, მიმდინარე ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე.