ქობულეთის სასტუმრო "არმაზში" ხანძარი სავარაუდოდ კონდიციონერმა გამოიწვია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ხანძრის შედეგად გადარჩენილი ბავშვები ყვებიან, რომ ცეცხლი სავარაუდოდ კონდიციონერიდან გაჩნდა.
გამთენიისას ქობულეთის სასტუმრო "არმაზში" ხანძარი გაჩნდა, რასაც 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპული ბავშვების ასაკი 10-11 წელია. ისინი ანსამბლ "სიხარული 2-ის" წევრები იყვნენ, რომლის ხელმძღვანელიც ქორეოგრაფი გოგი მარღანიაა.
ანსამბლმა ბათუმში კონცერტი გუშინ გამართა, რის შემდეგაც ქობულეთში სასტუმრო "არმაზში" დაბინავდნენ, დღეს კი რუსთავში დაბრუნებას აპირებდნენ.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.