სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც ბრალდებულს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება აქვს შეფარდებული, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა წესდება. ამას დღეს მოქმედი "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი" არ ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა საქმის განხილვის ვადას მხოლოდ იმ სისხლის სამართლის საქმეებზე აწესებს, სადაც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. იუსტიციის სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს ორი წლის ვადაში. ამასთან, აღნიშნული ვადა არ ვრცელდება იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ამავე პროექტის გათვალისწინებით, სასამართლოში განსახილველად არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საქმის განხილვის 2-წლიანი ვადის ათვლა აღნიშნული ინიციატივის ამოქმედებიდან დაიწყება.
"დღეს მოქმედი კანონი განსხვავებულად უდგება ერთი და იგივე სამართლებრივი სტატუსის მქონე პირების (ბრალდებულების) უფლებების დაცვის საკითხს, რაც გაუმართლებელია. გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა დაკავშირებულია მთელი რიგი უფლებების ეფექტურ რეალიზებასთან, მათ შორის პირის
უფლებასთან, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ითვლებოდეს ნასამართლობის არმქონედ. განხილვის ვადის არარსებობის პირობებში კი, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ბრალდებული დროულად შეიძენს გამართლებულის ან მსჯავრდებულის სტატუსს, რაც თავის მხრივ, მას სხვა უფლებების დროულად რეალიზების შესაძლებლობას მისცემს. თვეების, ზოგჯერ წლების განმავლობაში განაჩენის გამოტანის მოლოდინი, განსაკუთრებით იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, მნიშვნელოვნად აზიანებს ბრალდებულის უფლებებს. გარდა ამისა, ხანგრძლივი დროის გასვლას, მინიმუმამდე დაჰყავს სასამართლოში მხარეთა მიერ მტკიცებულებების პირველადი ფორმით წარდგენის შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპის ეფექტურ რეალიზებას", - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებზე ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.