საქართველოს გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები ესტუმრებიან

საქართველოს გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები ესტუმრებიან

საქართველოში გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების ვიზიტი იწყება. დელეგაცია დღეს ბათუმში ჩავა. ოფიციალური პროგრამის მიხედვით, ხვალ გერმანელი დეპუტატები ბათუმის ბოტანიკურ ბაღს დაათვალიერებენ. ჩავლენ ქუთაისში, სადაც დაგეგმილია ტური პარლამენტის შენობაში. გარდა ამისა, ეწვევიან მცხეთას და მოინახულებენ მცხეთის ჯვრის მონასტერს.

12 მაისს გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები ასურეთში, გერმანული სოფელ "ელისაბეტალს" მოინახულებენ. ეწვევიან ბოლნისს. ამის შემდეგ დაგეგმილია მათი თბილისში მდებარე პარლამენტში სტუმრობა, სადაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

თავმჯდომარეს ზურაბ ტყემალაძეს და საქართველო-გერმანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

გერმანელი დეპუტატები GIz -ის და KfW -ის თბილისის ოფისებსაც ეწვევიან, სადაც დაგეგმილია შეხვედრა GIz -ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელ მარტინ ჰომოლასთან და KfW–ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან ლარს ოერმანთან.

ვიზიტის ბოლო დღეს - 13 მაისს გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგი გიგიაძეს და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებიან.

შეხვედრა გაიმართება გერმანიის გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულებთან.