კარალეთში მოწამლული ოთხი მოსწავლე გორის საავადმყოფოში რჩება

კარალეთში მოწამლული ოთხი მოსწავლე გორის საავადმყოფოში რჩება

გორის ბავშვთა საავადმყოფო "იავნანას" სტაციონარში კარალეთის საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე ამ დრომდე რჩება. "ინტერპრესნიუსს" ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმატოლოგმა ქეთევან ხვადაგიანმა განუცხადა, რომ ოთხივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ამ დროისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოთხი ბავშვი მეთვალყურეობის ქვეშ კვლავ დარჩეს სტაციონარში. გუშინ საღამოს ერთ-ერთი მოსწავლის, ლიკა გოგიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. გოგონა შინ გავწერეთ მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, თუმცა დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კვლავ გართულებული მდგომარეობით შემოიყვანეს სტაციონარში, რის გამოც ექიმებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიძახეთ კრიტიკული მედიცინის ცენტრი და იგეგმებოდა გოგონას გადაყვანა დედაქალქში. თუმცა, მოგვიანებით გადაწყდა, რომ მკურნალობა გორში გაეგრძელებინა. ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ქეთევან ხვადაგიანმა. 

"ინტერპრესნიუსი" სტაციონარში მოთავსებულ მოზარდებსაც ესაუბრა. ლიკა გოგიაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე რთული იყო, აცხადებს რომ მისთვის უცნობია რამ გამოიწვია მისი ცუდად გახდომა. 

"ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რა მოხდა და რამ გამოიწვია ჩემი ცუდად გახდომა. აქამდე მსგავსი რამ არასდროს დამმართნია. საკვები საერთოდ არ მქონდა მიღებული გუშინ დილით, ასევე არ მქონდა მიღებული წყალიც. სკოლაში, გაკვეთილზე თავი ვიგრძენი შეუძლოდ. შემდეგ მასწავლებელმა მეგობართან ერთად გამგზავნა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ამბულატორიაში. აღნიშნულ ამბულატორიაში მისვლისას კი გონება დავკარგე. ჩვენთვის ცნობილია, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რაიმე შევისუნთქეთ ან პრეპარატები მივიღეთ, რაც აბსურდია. არანაირი პრეპარატი არც მანამდე და არც გუშინ არც მე და არც ჩემს მეგობრებს არ მიგვიღია. გაუგებარია, რამ გამოიწვია ამდენი ბავშვის ცუდად გახდომა", - განაცხადა ლიკა გოგიაშვილმა. 

იგივეს აცხადებს გორის საავადმყოფოს სტაციონარში მოთავსებული კარალეთის საჯარო სკოლის კიდევ ერთი მოსწავლე ნათია ადუაშვილი. გოგონას თქმით, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რამ გამოიწვია ცუდად გახდომა. 

"მე სკოლაში ცუდად არ გავმხდარვარ. როდესაც სახლში მივედი, რამდენიმე წუთში თავი შეუძლოდ ვიგრძენი, ჰაერი არ მყოფნიდა, ვგრძნობდი თავბრუსხვევას და ცოტა ხანში ხელებმა და ფეხებმა, კიდურებმა ძლიერი კანკალი დამიწყო. აბსოლუტურად გაუგებარია, რამ გამოიწვია ჩემი ეს მდგომარეობა", - აცხადებს ნათია ადუაშვილი. 

მოსწავლეები სტაციონარში მანამდე დარჩებიან, ვიდრე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი არ იქნება. 
კარალეთის საჯარო სკოლიდან ათი მოზარდი გორის ბავშვთა საავადმყოფოში გუშინ კანკალის, თავბრუსხვევისა და შიშის შეგრძნების სიმპტომებით გადაიყვანეს.