ვაკის პარკში რამდენიმე პირი დააკავეს

ვაკის პარკში რამდენიმე პირი დააკავეს

ვაკის პარკში სამართლადცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც თავად დაკავებულები აცხადებენ, მათი აყვანა იმის გამო მოხდა, რომ კოალიცია "ევრაზიული არჩევანის" თავმჯდომარეს, არჩილ ჭყოიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ახალგაზრდების მეორე ჯგუფის მტკიცებით კი, სამართლადმცველებმა რამდენიმე პირი იმის გამო დააკავეს, რომ ისინი ვაკის პარკში ე.წ. გეორგიევსკის ლენტით შევიდნენ. 

მომხდარზე ოფიციალურ კომენტარს ვაკის პარკში მობილიზებული პოლიციელები არ აკეთებენ. თუმცა, უშუალოდ დაკავების მომენტში აღნიშნულ პირებს მკერდზე ე.წ. გეორგიევსკის ლენტი არ ეკეთათ. დაკავებულებს შორის არიან როგორც ის პირები, რომლებიც ვაკის პარკში გეორგიევსკის ლენტით შევიდნენ, ისე მათი მოწინააღმდეგეები. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებულია სამი ადამიანი. მათგან ორი პირი დააკავეს არჩილ ჭყოიძის მიმართ ჩადენილი ქმედების გამო და გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ხოლო ერთი ადამიანი დაკავებულია ტრისტან წითელაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედების ფაქტზე.