თუ ჩვენ დავუთმობთ ნულ ყურადღებას ოპოზიციის ნათქვამს, რა ფორმიტაც არ უნდა იყოს იგი, ეს ჩვენთვის დამღუპველი იქნება, მაგრამ თუ დავუთმობთ 10%-ზე მეტ ყურადღებას, ასევე დამღუპველი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მოვუსმინოთ, მაგრამ ნუ ავცდებით გზას, ნუ გადავალთ იმ მოედანზე, რომელიც არაფრის მომცემი არ არის, იმიტომ, რომ ოპოზიციის საქმეა სიტყვა, ჩვენი საქმეა საქმე. ჩვენმა საქმემ უნდა დაადასტუროს ის, რასაც ჩვენ ვსაუბობთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, რამდენიმე საკითხზე, რომელიც დღეს წამოიჭრა, შეიძლება დებატები, მაგრამ დანარჩენზე ძნელია დიალოგი იმ ფორმატში, რაშიც აღმოჩნდნენ.
"მე მგონია, რომ განახლებული მთავრობა განახლებული პროგრამით და ენერგიით გააგრძელებს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების ბოლომდე მიყვანას და გამოვყოფდი 3 ასეთ საკითხს _ პირველი, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება იმ მძიმე ვითარებაში, რომელშიც არის ჩვენი ქვეყანა. ჩვენ არ გვაქვს უფლება რაიმე სახის პოლიტიკური არასტაბილურობის, პირიქით ყველა სტრუქტურა მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოს. ყველას გვესმის, რომ უკიდურესად არაპროგნოზირებადი გარემოა და ყველამ ვიცით, რეგიონში მიმდინარე პროცესები რას უქადის საქართველოს. ამიტომ განახლებულ მთავრობას პირველ რიგში ამ მიმართულებით ვთხოვ ყურადღებას; მეორე, ჩვენ უნდა დავასრულოთ დემოკრატიული რეფორმები მომავალ არჩევნებამდე; მესამე, ესაა სამუშაო ადგილები. ჩვენ გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ. ეს არის პირველი წამალი ყველაფრისთვის, ლარის კურსი იქნება თუ სხვა თემები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ იმის პროგნოზირება, რაც რეგიონში მოხდა, 2 წლის წინ შეუძლებელი იყო, მათ შორის, უკრაინის ომი.