მესამე წელი, რა თქმა უნდა, რთული წელია, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მიზეზით გამოწვეული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ თქვა, ყველაფერი ეტაპობრივად, გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად სრულდება.
"იმის თქმა, რომ 3 წლის წინ რომელიმე ადამიანს შეეძლო პროგნოზირება უკრაინის კრიზისის, ან უკრაინის ომის, ეს არის სრული აბსურდი და ასეთ აბსურდზე მე კომენტარს არ ვაკეთებ. წინასწარ განჭვრეტა იმისა, თუ რა იქნებოდა მესამე წელს, რთული იყო, თუმცა თუ ჩვენ გავითვალისწინებთ პირველ წელს, მეორე წელს, იმ პროგრესს, იმ ზრდას ეკონომიკისას, შეიძლება ვთქვათ, რომ დიახ, იყო სწორი პოლიტიკა, სწორი გათვლები და სწორი ანალიზი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ მესამე წელი რა თქმა უნდა, რთული წელია, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მიზეზით გამოწვეული. ეს არის ობიექტური მიზეზებით შექმნილი ვითარება. ამის პრევენცია ან წინასწარ განჭვრეტა, არც ერთ ადამიანს არ შეეძლო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობა რომ ღელავს მოსახლეობის მდგომარეობაზე, ამაზე ახალი ხელისუფლების პირობებში განხორციელებული სოციალური პროექტები მიანიშნებს.
"ეს პროექტები გამზინული იყო იმისთვის, რომ შვება ეგრძნო ჩვენს მოსახლეობას, იქნება ეს განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და ა.შ. ყველა ის პროექტი, რაც განვახორციელეთ იყო ადამიანებისკენ მიმართული, ორიენტირებული ჩვენს მოსახლეობაზე. რა თქმა უნდა, მე თქვენს პოლიტიკას ჩვენს პოლიტიკასთან არ ვადარებ", - განაცხადა ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.